შაბათის ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტები განათლების სამინისტროდან, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრის ბრძანებით, საპატრიარქოს 48 კერძო სკოლა 31 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ საპატრიარქოს პრემიერი დამატებითი მილიონებით ასაჩუქრებს.
შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ გასულ წელს, გაავრცელა ის დოკუმენტები, რითაც გაირკვა, რომ იგივე სკოლებს 14 მილიონამდე ლარი გამოუყვეს, ერთი წლის შემდეგ კი თანხა გაორმაგდა.
არავინ იცის რაში უნდა დაიხარჯოს მილიონები, რომელსაც ხელისუფლება საპატრიარქოს ხარკის სახით გადასცემს. კანონით სამინისტროს საპატრიარქოს სკოლების ფინანსური კონტროლი არ შეუძლია. შესაბამისად ვერავინ გაიგებს, ყოველწლიურად გამოყოფილი ბიუჯეტის ფული, ნამდვილად მასწავლებლების ხელფასს და სკოლის ინფრასტრუქტურას მოხმარდება, თუ ამავე სკოლების მღვდელმთავარი ხელმძღვანელების პირად ინტერესებს.
მაშინ როდესაც საპატრიარქოს კერძო სკოლები ასიათასობით ლარს იღებენ, თითქმის საუკუნის წინ აშენებულ სკოლაში, სოფელ არბოშიკში მცხოვრები ბავშვები განათლებას ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ იღებენ. არავინ იცის როდის ჩამოიშლება შენობის ავარიული ნაწილი. ბოლო წლების განმავლობაში სკოლის მხოლოდ მცირე ნაწილის რეაბილიტაცია მოხდა, დანარჩენი შენობა ისევ ავარიულია. ასეთი სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრია.
ღარიბაშვილმა ბრძანებას საპატრიარქოს სკოლებისთვის 31 მილიონამდე ლარის გამოყოფაზე, 10 მარტს მოაწერა ხელი. სამგვერდიან დანართში, ყველა სკოლას სხვადასხვა თანხა აქვს გადანაწილებული - 100 000-დან ნახევარ მილიონ ლარამდე. ეს იმ ფონზე, რომ თითოეული მათგანი, ყოველწლიურად საპატრიარქოს 25-მილიონიანი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გარდა ამისა, თითო ბავშვზე სამინისტრო სკოლას 300 ლარს უხდის, ხშირ შემთხვევაში, ამ თანხას ემატება მშობლების მიერ გადახდილი საფასურიც.
რატომ ვერ უზრუნველყოფს 25-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე საპატრიარქო მის სკოლებს და რატომ ითხოვს ვაუჩერის გარდა, დამატებით თანხებს, ამაზე საპატრიარქოში არ პასუხს არ გვცემენ. უწყება ტრადიციულად დახურულია და მხოლოდ წერილობით კომუნიკაციაშია ჟურნალისტებთან. "მაშინ, როცა ტელეკომპანია ფორმულა წინააღმდეგია საკუთარი დაფინანსების დეტალების გასაჯაროებისა, არ მიგვაჩნია სხვისი დაფინანსების შესახებ კითხვების დასმა ლეგიტიმური იყოს მისი მხრიდან".
ანდრია ჯაღმაიძეს, რომელსაც საპატრიარქოში საზოგადოებასთან ურთიერთობა ევალება, ერთი დეტალი გამორჩა - საპატრიარქო კერძო ტელევიზიისგან განსხვავებით, ქვეყნის ბიუჯეტიდან, ანუ თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ფინანსდება და მას აქვს ვალდებულება ხალხის წინაშე განმარტოს, რაში ხარჯავს მოსახლეობის გადასახადებიდან აღებულ მილიონობით ლარს.
მილიონები საჩუქრად დახმარებისთვის არჩევნებზე საკუთარი გავლენით მრევლზე-ხელისუფლება და საპატრიარქო უკვე წლებია ერთმანეთის ინტერესებს საკუთარი სარგებლის სანაცვლოდ ღიად და დაუფარავად ატარებენ. ეს ყველაფერი კი მოქალაქეების ხარჯზე ხდება.